saqarTvelos mRvimeebi - devisxvrelis mRvime
ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ლაშესთან. ხანდების კლდეში, ზღვის დონიდან 340 მ. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა (სიღრმე 40 მ, შესასვლელის სიმაღლე 5 მ, სიგანე 4 მ). 1926- 1931 წლებში გაითხარა (ხელმძღვანელი გ. ნიორაძე) 1,20 სისქის 4 კულტურის ფენა, რომელთაგანაც ადამიანის ცხოვრების ნაშთს შეიცავდა ზემოდან მესამე ფენა. აღმოჩნდა კაჟისა და მცირე რაოდენობით ობსიდიანის იარაღი (საჭრისები და საფხეკები; მიკროლითური სახვრეტები, გრავეტისა და შატეპერონის ტიპის დანები, ხელშუბისპირები, ლა,ელები, ნუკლეუსები და ანამტვრევ-ანატკეცები, რიყის ქვის ხელჩაქუჩი). აგრეთვე კაჟის იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ხელსაწყოები (გრდემლი და რქის იარაღი). ამავე ფენაში ნაპოვნია თანამედროვე ტიპის ადამიანის ქვედა ყბის მარჯვენა ნახევარი 2 კბილით. გ. ნიორაძემ დევისხვრელი ასაკობრივად ევროპის ზედა ორინიაკს და ჩრდილოეთ აფრიკის ძვ. კაფსიის კულტურას დაუკავშირა, ს. ზამიატნინმა კი ამიერკავკასიის ზედა პალეოლითური კულტურის მეორე ქრონოლოგიურ ჯგუფში გააერთიანა. დევისხვრელის შესწავლამ დასაბამი მისცა საქართველოში ქვის ხანის ძეგლების სისტემატურ არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას.